“როცა ცა აღარ გვიცავს” – როგორ დავიცვათ დედამიწის ბუნებრივი ფარი? – მედიალაბორატორია

იცოდით, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მაცივარი, კონდიციონერი და აეროზოლი ოდესღაც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამცავ ფარს, ოზონის შრეს, აზიანებდა? სტატიაში გაიგებთ, როგორ მოხდა ეს და რატომ გახდა საჭირო მონრეალის ოქმის მიღება?

ჩვენს პლანეტას ატმოსფეროს ზედა ფენაში ბუნებრივი დამცავი ფენა აქვს, რომელსაც ოზონის შრე ეწოდება. სწორედ ის გვიცავს მზის მავნე ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებისგან. ოზონის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე გაცილებით რთული იქნებოდა, გაიზრდებოდა კანის კიბოს, თვალის კატარაქტის, მცენარეებისა და ცხოველების დაზიანების რისკი.

მეცნიერული მონაცემებით, გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოში ოზონის შრე საშუალოდ დაახლოებით 3%-ით იყო შემცირებული, თუმცა ანტარქტიდის თავზე მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო – გაზაფხულის პერიოდში ოზონის დანაკარგი 70%-საც აღწევდა, ხოლო „ოზონის ხვრელის“ ფართობი 25–30 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე იზრდებოდა. ( NASA-ს, NOAA-ს, WMO-სა და UNEP)

რა არის ოზონის შრე?

ოზონის შრე ატმოსფეროს სტრატოსფეროში, დედამიწიდან დაახლოებით 15-35 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის შედგება ოზონის (O₃) მოლეკულებისგან, რომლებიც მზის მავნე ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავენ და მათ დედამიწის ზედაპირამდე არ უშვებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ოზონის შრე ჩვენი პლანეტის ბუნებრივი მზისგან დამცავი ეკრანია.

რატომ დაიწყო ოზონის შრის გათხელება?

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ადამიანები მაცივრებში, კონდიციონერებში, აეროზოლებში, ქაფის წარმოებასა და სხვადასხვა სამრეწველო პროცესში იყენებდნენ, ატმოსფეროში მოხვედრის შემდეგ ოზონის შრეს ანადგურებდა.

ყველაზე საშიში იყო:

  • ქლორფტორნახშირწყალბადები (CFC-ები);
  • ჰალონები;
  • სხვა ოზონდამშლელი ნივთიერებები.

ამ პროცესის შედეგად განსაკუთრებით ანტარქტიდის თავზე გაჩნდა ეგრეთ წოდებული „ოზონის ხვრელი“ – ტერიტორია, სადაც ოზონის შრე საგრძნობლად გათხელდა.

რა საფრთხეს ქმნის ოზონის შრის დაზიანება?

როდესაც ოზონის შრე თხელდება, დედამიწამდე უფრო მეტი ულტრაიისფერი გამოსხივება აღწევს. ამას შეიძლება მოჰყვეს:

  • კანის კიბოს შემთხვევების ზრდა;
  • თვალის დაავადებები (განსაკუთრებით, კატარაქტა);
  • იმუნური სისტემის დასუსტება;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება;
  • ზღვის ეკოსისტემებისა და პლანქტონის შემცირება, რაც მთლიან კვებით ჯაჭვზე მოქმედებს.

განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები, ხანდაზმულები, ღია სივრცეში მომუშავე ადამიანები და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივება უფრო ძლიერია. ამიტომ ოზონის შრის დაცვა პირდაპირ კავშირშია კაცობრიობის ჯანმრთელობასთან, ხოლო მონრეალის ოქმის განხორციელება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემცირდეს ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენება და მომავალში ჯანმრთელობის კიდევ უფრო მძიმე შედეგები ავიცილოთ თავიდან.

როგორ დავიცვათ თავი?

მიუხედავად იმისა, რომ ოზონის შრე აღდგენის პროცესშია, მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია:

  • მოერიდეთ მზეზე ყოფნას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში (დაახლოებით 11:00–16:00);
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი;
  • ატარეთ ქუდი და UV-ფილტრიანი მზის სათვალე;
  • ბავშვები განსაკუთრებით დაიცავით პირდაპირი მზისგან.

რა არის მონრეალის ოქმი?

1987 წელს მსოფლიოს ქვეყნებმა მიიღეს მონრეალის ოქმი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო გარემოსდაცვით შეთანხმებად ფასდება.

მისი მთავარი მიზანია:

  • ოზონის შრის დამაზიანებელი ნივთიერებების ეტაპობრივად შემცირება;
  • მათი წარმოებისა და გამოყენების შეზღუდვა;
  • უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა.

დღეს მონრეალის ოქმს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეუერთდა. მას ხელს აწერს 197 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც.

როგორ ხორციელდება მონრეალის ოქმი?

ქვეყნებში მოქმედებს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს:

  • ძველი მაცივრებისა და კონდიციონერების ეტაპობრივ ჩანაცვლებას;
  • ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს;
  • ტექნიკოსების გადამზადებას და სამაცივრო, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების სერვისის სექტორის ხელშეწყობას;
  • ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების და მებაჟეთა გადამზადებას;
  • შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას;
  • გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაძლიერებას;

საქართველოშიც ხორციელდება მონრეალის ოქმის ეროვნული პროგრამა, რომლის მიზანია ოზონდამშლელი ნივთიერებების სრულად ჩანაცვლება უსაფრთხო ტექნოლოგიებით.

საქართველო და მონრეალის ოქმით ნაკისრი ვალდებულებები

საქართველო მონრეალის ოქმს 1996 წელს შეუერთდა და აიღო ვალდებულება, ეტაპობრივად შეამციროს და საბოლოოდ სრულად შეწყვიტოს ოზონის შრის დამაზიანებელი ნივთიერებების გამოყენება. ამ მიზნით ქვეყანაში მოქმედებს მონრეალის ოქმის ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და გამოყენების კონტროლს, კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, მაცივრებისა და კონდიცირების სექტორში დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საქართველო ასევე ეტაპობრივად ამცირებს ჰიდროფლუორნახშირწყალბადების (HFC-ების) მოხმარებასაც, კიგალის შესწორებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ HFC-ები ოზონის შრეს არ აზიანებს, ისინი ძლიერი სათბურის აირებია და კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს. ამ ნაბიჯებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან ერთად გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასაც ემსახურება.

რამდენად მზადაა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი გამოწვევებისთვის? – ვკითხეთ, აფილირებულ პროფესორს პლანეტარულ ჯანმრთელობაში, მაკა მაღლაკელიძეს:

რა შედეგი აქვს შეთანხმებას?

მეცნიერების შეფასებით, საერთაშორისო თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად შემცირდა და ოზონის შრე ნელ-ნელა აღდგენის პროცესშია.

თუ ქვეყნები მოქმედ ვალდებულებებს შეასრულებენ, მოსალოდნელია, რომ XXI საუკუნის შუა ან მეორე ნახევარში (საორიენტაციოდ, 2040 წლისთვის) ოზონის შრე თითქმის იმ მდგომარეობას დაუბრუნდება, როგორშიც ის 1980-იან წლებამდე იყო, არქტიკაში — 2045 წლისთვის, ანტარქტიდის თავზე — დაახლოებით 2066 წლისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებრივ მაცივარაგენტებზე გადასვლა

ბუნებრივ მაცივარაგენტებზე გადასვლა სულ უფრო აქტუალური ხდება. მათი გამოყენება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, რადგან ტრადიციულ მაცივარაგენტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ამცირებს გლობალურ დათბობაზე უარყოფით გავლენას. სპეციალისტების შეფასებით, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ კლიმატის დაცვის, არამედ ენერგოეფექტიანობის გაზრდის მიმართულებითაც მნიშვნელოვანია.

როგორ შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ ოზონს?

თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს:

  • არ დააზიანოს ძველი მაცივრები და კონდიციონერები თვითნებურად;
  • ტექნიკა მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს გადააბაროს;
  • ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მოწყობილობები აირჩიოს;
  • გაუფრთხილდეს გარემოს და გაავრცელოს სწორი ინფორმაცია.

ფოტოები გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით