ოზონის შრის დაცვა იწყება შენი მაცივრით

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ახალი მაცივრის ან კონდიციონერის საყიდლად მივდივართ?

უმეტესობა უპირატესობას მხოლოდ ფასს, დიზაინსა და ენერგოეფექტურობას ანიჭებს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ: რომელი მაცივარაგენტი ანუ ეგრეთ წოდებული ფრეონია გამოყენებული ჩვენ მიერ შერჩეულ ტექნიკაში.

სწორედ ამ დეტალზეა დამოკიდებული, იქნება, თუ – არა უსაფრთხო ახალი მაცივარი ან კონდიციონერი ეკოლოგიური გარემოსთვის ანუ თქვენი ჯანმრთელობისთვის.

მარიკა ვაჭარაძემ საყოფაცხოვრებო ტექნიკა რამდენიმე თვის წინ გამოცვალა. მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც მან იხელმძღვანელა, იყო ენერგოეფექტურობა და ეკოლოგიური უსაფრთხოება. ტექნიკის შერჩევისას მარიკა რამდენიმე პრობლემას წააწყდა, მათ შორის, ტექნიკის მაღაზიის კონსულტანტების დაბალი კვალიფიკაციაა. პერსონალმა მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვებს ვერ უპასუხა.

https://www.youtube.com/watch?v=benUDCFxQXc%3Ffeature%3Doembed

ჩვენი მასალის გმირი, ალბათ, ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც იცის, რომ მაცივრის არჩევა მხოლოდ ოჯახის ბიუჯეტს კი არ ზოგავს, არამედ გარემოს და შესაბამისად, ადამიანის ჯანმრთელობას. მაცივარსა და კონდიციონერში კი გამოყენებულია ისეთი ნივთიერებები (ე. წ. ფრეონი), რომელთა გაფრქვევაც სერიოზულ ზიანს აყენებს ოზონის შრეს – იწვევს მის გათხელებას, განლევას.

ოზონის შრე დედამიწის ბუნებრივი დამცავი ფარია, რომელიც მზის ყველაზე საშიშ ულტრაიისფერ სხივებს აკავებს. თუ ეს ფარი თხელდება, დედამიწამდე უფრო მეტი მავნე გამოსხივება აღწევს. შედეგი კი შეიძლება იყოს კანის კიბოს გაზრდილი რისკი, კატარაქტის გახშირებული შემთხვევები და იმუნური სისტემის დასუსტება.

ოზონის შრის განლევის პრობლემა დღის წესრიგში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგა და არაერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ამ პრობლემას საერთო ძალისხმევით გამკლავებოდა. 1987 წელს ხელი მოეწერა მონრეალის ოქმს, რომლის მიზანიც ოზონის შრის დამაზიანებელი ნივთიერებების ეტაპობრივი ამოღებაა. საქართველო ამ შეთანხმებას 1996 წელს შეუერთდა.

ამ შეთანხმების ფარგლებში ქვეყანამ აკრძალა ოზონდამშლელების იმპორტი; ეტაპობრივად ამცირებს მაცივარაგენტების მოხმარებას; არეგულირებს მაცივარაგენტების იმპორტს ლიცენზიებისა და კვოტების სისტემით; ამზადებს სერტიფიცირებულ ტექნიკოსებს, რათა დაზიანებული ტექნიკის შეკეთებისას, მაცივარაგენტი ატმოსფეროში არ გაიფრქვეს.

თუმცა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ძველი მაცივარაგენტების შეგროვება, აღდგენა, გადამუშავება და საბოლოო განადგურების სისტემა. მოქალაქეები ძველ ტექნიკას ნაგავსაყრელზე ტოვებენ, სადაც მაცივარაგენტების გაფრქვევის საფრთხე მაღალია. მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებში არსებობდეს ობიექტები, სადაც შესაძლებელი იქნება მწყობრიდან გამოსული მაცივრებისა და კონდიციონერების ჩაბარება და მათი დამუშავევა ტექნოლოგიით.

ოზონის შრის დაცვა ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ ვალდებულებათა ჯაჭვში ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, რომელმაც ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები იკისრა, ისე ბიზნესი, რომელმაც მუდმივად უნდა იზრუნოს როგორც ინვენტარის მონიტორინგზე, ისე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

რაც შეეხება მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, უსაფრთხო და ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ტექნიკის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომელი მაცივარაგენტებია ნაკლებად სასურველი.

ახალი მაცივრის არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ, რომ მოწყობილობაში არ გამოიყენებოდეს შემდეგი მაცივარაგენტები:

  • R12 (CFC) – ოზონის შრის დამაზიანებელი მაცივარაგენტი. მისი გამოყენება თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაში აღარ არის რეკომენდებული.
  • R22 (HCFC) – ასევე აზიანებს ოზონის შრეს და მისი გამოყენება ეტაპობრივად წყდება.
  • R134a – ოზონის შრეს არ აზიანებს (ODP = 0), თუმცა აქვს მაღალი გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP ≈ 1430). ამიტომ, თანამედროვე სტანდარტებით, ახალი მაცივრისთვის ნაკლებად სასურველ არჩევანად მიიჩნევა.

რომელი მაცივარაგენტებია სასურველი:

  • R600a (იზობუტანი / Isobutane)
  • დღეს R600a ყველაზე გავრცელებული და ეკოლოგიურად მისაღები მაცივარაგენტია თანამედროვე საყოფაცხოვრებო მაცივრებსა და საყინულეებში, რადგან:
  • არ აზიანებს ოზონის შრეს (ODP = 0);
  • აქვს ძალიან დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP ≈ 3);
  • გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით;
  • ფართოდ გამოიყენება თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკაში.

ეტიკეტზე შეიძლება იხილოთ შემდეგი წარწერა:

  • Refrigerant: R600a / 55 g
  • ეს ნიშნავს, რომ მაცივარში გამოყენებულია R600a ტიპის მაცივარაგენტი, ხოლო 55 გრამი მისი ჩატვირთული რაოდენობაა.

R290 (პროპანი / Propane)

R290 ასევე ბუნებრივი მაცივარაგენტია, რომელიც:

  • არ აზიანებს ოზონის შრეს;
  • აქვს დაბალი გლობალური დათბობის პოტენციალი;
  • უფრო ხშირად გამოიყენება კომერციულ მაცივრებსა და საყინულეებში, თუმცა თანდათან გვხვდება სხვა ტიპის სამაცივრო სისტემებშიც.

სასურველია, მაცივარზე მითითებული იყოს შემდეგი ნიშნები:

  • CFC-free / HCFC-free – ნიშნავს, რომ მოწყობილობა არ იყენებს ოზონის შრის დამაზიანებელ მაცივარაგენტებს.
  • Insulation: Cyclopentane – მიუთითებს, რომ მაცივრის თბოიზოლაციისთვის გამოყენებულია ციკლოპენტანი – თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო საიზოლაციო მასალა.

 ამდენად, ახალი მაცივრის არჩევა მხოლოდ საყოფაცხოვრებო გადაწყვეტილება არ არის. ესაა არჩევანი ჯანმრთელობის, გარემოსა და მომავალი თაობების სასარგებლოდ. შემდეგ ჯერზე, როცა ტექნიკის მაღაზიაში შეხვალთ, გახსოვდეთ, რომ ერთი პატარა წარწერა  R600a შესაძლოა იმაზე მეტს ნიშნავდეს, ვიდრე სიმბოლოების გაუგებარი ნაკრები.

შენი ჯანმრთელობისკენ მიმავალი გზა შენივე მაცივრიდან იწყება და ოზონის შრეზე გადის.

მასალა მომზადებული აჭარა თაიმსის მიერე.

“როცა ცა აღარ გვიცავს” – როგორ დავიცვათ დედამიწის ბუნებრივი ფარი? – მედიალაბორატორია

იცოდით, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მაცივარი, კონდიციონერი და აეროზოლი ოდესღაც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამცავ ფარს, ოზონის შრეს, აზიანებდა? სტატიაში გაიგებთ, როგორ მოხდა ეს და რატომ გახდა საჭირო მონრეალის ოქმის მიღება?

ჩვენს პლანეტას ატმოსფეროს ზედა ფენაში ბუნებრივი დამცავი ფენა აქვს, რომელსაც ოზონის შრე ეწოდება. სწორედ ის გვიცავს მზის მავნე ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებისგან. ოზონის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე გაცილებით რთული იქნებოდა, გაიზრდებოდა კანის კიბოს, თვალის კატარაქტის, მცენარეებისა და ცხოველების დაზიანების რისკი.

მეცნიერული მონაცემებით, გასული საუკუნის ბოლოს მსოფლიოში ოზონის შრე საშუალოდ დაახლოებით 3%-ით იყო შემცირებული, თუმცა ანტარქტიდის თავზე მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო – გაზაფხულის პერიოდში ოზონის დანაკარგი 70%-საც აღწევდა, ხოლო „ოზონის ხვრელის“ ფართობი 25–30 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე იზრდებოდა. ( NASA-ს, NOAA-ს, WMO-სა და UNEP)

რა არის ოზონის შრე?

ოზონის შრე ატმოსფეროს სტრატოსფეროში, დედამიწიდან დაახლოებით 15-35 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის შედგება ოზონის (O₃) მოლეკულებისგან, რომლებიც მზის მავნე ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავენ და მათ დედამიწის ზედაპირამდე არ უშვებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ოზონის შრე ჩვენი პლანეტის ბუნებრივი მზისგან დამცავი ეკრანია.

რატომ დაიწყო ოზონის შრის გათხელება?

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ადამიანები მაცივრებში, კონდიციონერებში, აეროზოლებში, ქაფის წარმოებასა და სხვადასხვა სამრეწველო პროცესში იყენებდნენ, ატმოსფეროში მოხვედრის შემდეგ ოზონის შრეს ანადგურებდა.

ყველაზე საშიში იყო:

  • ქლორფტორნახშირწყალბადები (CFC-ები);
  • ჰალონები;
  • სხვა ოზონდამშლელი ნივთიერებები.

ამ პროცესის შედეგად განსაკუთრებით ანტარქტიდის თავზე გაჩნდა ეგრეთ წოდებული „ოზონის ხვრელი“ – ტერიტორია, სადაც ოზონის შრე საგრძნობლად გათხელდა.

რა საფრთხეს ქმნის ოზონის შრის დაზიანება?

როდესაც ოზონის შრე თხელდება, დედამიწამდე უფრო მეტი ულტრაიისფერი გამოსხივება აღწევს. ამას შეიძლება მოჰყვეს:

  • კანის კიბოს შემთხვევების ზრდა;
  • თვალის დაავადებები (განსაკუთრებით, კატარაქტა);
  • იმუნური სისტემის დასუსტება;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება;
  • ზღვის ეკოსისტემებისა და პლანქტონის შემცირება, რაც მთლიან კვებით ჯაჭვზე მოქმედებს.

განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები, ხანდაზმულები, ღია სივრცეში მომუშავე ადამიანები და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, სადაც ულტრაიისფერი გამოსხივება უფრო ძლიერია. ამიტომ ოზონის შრის დაცვა პირდაპირ კავშირშია კაცობრიობის ჯანმრთელობასთან, ხოლო მონრეალის ოქმის განხორციელება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემცირდეს ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენება და მომავალში ჯანმრთელობის კიდევ უფრო მძიმე შედეგები ავიცილოთ თავიდან.

როგორ დავიცვათ თავი?

მიუხედავად იმისა, რომ ოზონის შრე აღდგენის პროცესშია, მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია:

  • მოერიდეთ მზეზე ყოფნას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში (დაახლოებით 11:00–16:00);
  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი;
  • ატარეთ ქუდი და UV-ფილტრიანი მზის სათვალე;
  • ბავშვები განსაკუთრებით დაიცავით პირდაპირი მზისგან.

რა არის მონრეალის ოქმი?

1987 წელს მსოფლიოს ქვეყნებმა მიიღეს მონრეალის ოქმი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საერთაშორისო გარემოსდაცვით შეთანხმებად ფასდება.

მისი მთავარი მიზანია:

  • ოზონის შრის დამაზიანებელი ნივთიერებების ეტაპობრივად შემცირება;
  • მათი წარმოებისა და გამოყენების შეზღუდვა;
  • უსაფრთხო ალტერნატივებზე გადასვლა.

დღეს მონრეალის ოქმს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეუერთდა. მას ხელს აწერს 197 ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც.

როგორ ხორციელდება მონრეალის ოქმი?

ქვეყნებში მოქმედებს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს:

  • ძველი მაცივრებისა და კონდიციონერების ეტაპობრივ ჩანაცვლებას;
  • ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს;
  • ტექნიკოსების გადამზადებას და სამაცივრო, ჰაერის კონდიცირების და თბური ტუმბოების სერვისის სექტორის ხელშეწყობას;
  • ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების და მებაჟეთა გადამზადებას;
  • შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას;
  • გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაძლიერებას;

საქართველოშიც ხორციელდება მონრეალის ოქმის ეროვნული პროგრამა, რომლის მიზანია ოზონდამშლელი ნივთიერებების სრულად ჩანაცვლება უსაფრთხო ტექნოლოგიებით.

საქართველო და მონრეალის ოქმით ნაკისრი ვალდებულებები

საქართველო მონრეალის ოქმს 1996 წელს შეუერთდა და აიღო ვალდებულება, ეტაპობრივად შეამციროს და საბოლოოდ სრულად შეწყვიტოს ოზონის შრის დამაზიანებელი ნივთიერებების გამოყენება. ამ მიზნით ქვეყანაში მოქმედებს მონრეალის ოქმის ეროვნული პროგრამა, რომელიც მოიცავს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტისა და გამოყენების კონტროლს, კანონმდებლობის გაუმჯობესებას, ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, მაცივრებისა და კონდიცირების სექტორში დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. საქართველო ასევე ეტაპობრივად ამცირებს ჰიდროფლუორნახშირწყალბადების (HFC-ების) მოხმარებასაც, კიგალის შესწორებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ HFC-ები ოზონის შრეს არ აზიანებს, ისინი ძლიერი სათბურის აირებია და კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს. ამ ნაბიჯებით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან ერთად გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასაც ემსახურება.

რამდენად მზადაა საქართველოს ჯანდაცვის სექტორი გამოწვევებისთვის? – ვკითხეთ, აფილირებულ პროფესორს პლანეტარულ ჯანმრთელობაში, მაკა მაღლაკელიძეს:

რა შედეგი აქვს შეთანხმებას?

მეცნიერების შეფასებით, საერთაშორისო თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად შემცირდა და ოზონის შრე ნელ-ნელა აღდგენის პროცესშია.

თუ ქვეყნები მოქმედ ვალდებულებებს შეასრულებენ, მოსალოდნელია, რომ XXI საუკუნის შუა ან მეორე ნახევარში (საორიენტაციოდ, 2040 წლისთვის) ოზონის შრე თითქმის იმ მდგომარეობას დაუბრუნდება, როგორშიც ის 1980-იან წლებამდე იყო, არქტიკაში — 2045 წლისთვის, ანტარქტიდის თავზე — დაახლოებით 2066 წლისთვის.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებრივ მაცივარაგენტებზე გადასვლა

ბუნებრივ მაცივარაგენტებზე გადასვლა სულ უფრო აქტუალური ხდება. მათი გამოყენება გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს, რადგან ტრადიციულ მაცივარაგენტებთან შედარებით, მნიშვნელოვნად ამცირებს გლობალურ დათბობაზე უარყოფით გავლენას. სპეციალისტების შეფასებით, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ კლიმატის დაცვის, არამედ ენერგოეფექტიანობის გაზრდის მიმართულებითაც მნიშვნელოვანია.

როგორ შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ ოზონს?

თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს:

  • არ დააზიანოს ძველი მაცივრები და კონდიციონერები თვითნებურად;
  • ტექნიკა მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს გადააბაროს;
  • ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად უსაფრთხო მოწყობილობები აირჩიოს;
  • გაუფრთხილდეს გარემოს და გაავრცელოს სწორი ინფორმაცია.

ფოტოები გენერირებულია ხელოვნური ინტელექტით

სად მოხვდით?

ეს არის ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციის უკეთ შესწავლისთვის შექმნილი გვერდი, რომელიც უსასყიდლოდ გთავაზობთ არაერთ საინტერესო კურსს, რაც გაგიუმჯობესებთ მედიაში მუშაობის უნარებს.

სხვადასხვა კურსზე რეგისტრაცია იხსნება პერიოდულად. გთხოვთ, თვალი მიადევნოთ ჩვენს ვებს.